საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადის პოლონურმა დიასპორამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნა

კანადაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ქავთარაძის ინიციატივით, კანადის გავლენიანმა პოლონურმა დიასპორამ, რომელიც მილიონ წევრს ითვლის, ოტავაში გამართა საღამო, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.
შეხვედრაზე შეკრებილი კანადის პოლონური დიასპორის ოტავას რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და წევრების თხოვნით, კონსტანტინე ქავთარაძემ, რომელიც, როგორც პოლონეთში ყოფილი ელჩი, საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, გამართა პრეზენტაცია, რომელშიც ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების ისტორიულ წინაპირობებზე, დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 3 წელზე, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, 1920-30-იან წლებში პოლონეთის მმართველის მარშალ იუზეფ პილსუდსკის მიერ ინიცირებულ პროექტზე „პრომეთე“, რომელიც საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დახმარებას ითვალისწინებდა, ამავე პერიოდში პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველ ოფიცრებზე, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან მისი როგორც ელჩის თანამშრომლობაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩასვლასა და ქართველი ხალხისადმი გამოხატულ სოლიდარობაზე, პოლონეთსა და საქართველოს შორის დღეს არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე.
პოლონური დიასპორის ოტავას რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თავად იეჟი ჩარტორისკის ინიციატივით, პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის პოლონური დიასპორული ორგანიზაციის საპატიო წევრად აირჩიეს. შეხვედრის დასასრულს გაიმართა მიღება ქართული ღვინით და პოლონური და ქართული კერძებით.