საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ოტავაში საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება აღნიშნეს

კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ და კანადაში ბარბადოსის უმაღლესმა კომისარმა ივონ ვოლკსმა ოტავას ისტორიულ „რიდო კლუბში“ საზეიმოდ აღნიშნეს  საქართველოსა და ბარბადოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.  ბოლო დრომდე საქართველოსა და ბარბადოსს არ გააჩნდათ დიპლომატიური ურთიერთობები. როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესი დროში გაიწელა, გასული წლის ბოლოს საქართველოს ელჩმა კანადაში ბარბადოსის უმაღლეს კომისარს მიმართა. კანადას ახლო ურთიერთობები აქვს კარიბის ზღვის ქვეყნებთან, კერძოდ, ბარბადოსთან, ამასთან, თავად ივონ ვოლკსი გავლენიანი ფიგურაა ბარბადოსში. წლების განმავლობაში იგი ბარბადოსის პარლამენტის სენატორი და მმართველი დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო, ამავე დროს, აქტიურად იბრძოდა ქალთა შრომითი უფლებებისთვის, ხელმძღვანელობდა ბარბადოსის ქალთა ეროვნულ ორგანიზაციასა და ქალთა დემოკრატიულ ლიგას. საქართველოს ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ივონ ვოლკსი პირადად გაემგზავრა ბარბადოსში, შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელობას და განიხილა მათთან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხი. 2018 წლის 8 მარტს გაერო-ში საქართველოსა და ბარბადოსის მისიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს კომუნიკეს დიპურთიერთობების დამყარების შესახებ. კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მადლიერება გამოხატა ივონ ვოლკსის მიმართ ამ პროცესში მისი პირადი ჩართულობისთვის. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოს ურთიერთობებს კარიბის ზღვის ქვეყნების გაერთიანებასთან „CARICOM“. საქართველოს ელჩმა აღნიშნა გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებული „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციისადმი „CARICOM“-ის ქვეყნების და კერძოდ, ბარბადოსის მხარდაჭერის მნიშვნელობა.