საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ოტავაში ენების ევროპული დღის აღნიშვნაში

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, კანადის დედაქალაქ ოტავაში, „გლების“ კოლეჯში, გაიმართება ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც კანადაში  საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, პირველად იქნება წარმოდგენილი  ქართული ენა.

როგორც წესი, ენების ევროპული დღის აღნიშვნაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კანადაში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან ერთად, ღონისძიებებში საქართველოს საელჩოც  ჩაერთვება.

 

ტრადიციულად, ეს ღონისძიება კანადის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის  იმართება. წლის განმავლობაში კანადის სკოლებში ტარდება კონკურსი ენების ცოდნის გამოსავლენად, რომლის გამარჯვებულებს ოტავაში გამართულ ღონისძიებაზე იწვევენ. წელს ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მე-8-მე-12 კლასების 500 კანადელი მოსწავლე დაესწრება. ღონისძიებაში ასევე ჩართული იქნებიან მათი მასწავლებლები.  

 

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს საელჩო მოაწყობს ქართული ენის კუთხეს, სადაც კანადელ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ ენასა და ანბანს, ასევე, ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან  დაკავშირებულ ინფორმაციას. მათ საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, საელჩოს კონსული ნატალია კორძაია და რეფერენტი ქეთევან ფრეიზერი უმასპინძლებენ.

 

ქართულ კუთხეში მოწაფეებისთვის გაიმართება მინი-კონკურსი, მათ ასევე საშუალება ექნებათ ქართულის შესატყვისი ლათინური ასოების ცხრილის მეშვეობით, ქართულად დაეწერონ თავიანთი სახელები.

 

ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს საელჩო გადასცემს პრიზებს - საქართველოს ამსახველ ფოტოალბომებს, ტრადიციულ ხევსურულ ქუდებს, ქართული ხალხური რეწვის ნიმუშებს, ჩურჩხელებს, ბუკლეტებსა და კომპაქტურ დისკებს ქართული ენის შესახებ.