საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ოტავაში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კანადაში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან ერთად, ენების ევროპული დღის აღნიშვნაში საქართველოს საელჩოც  ჩაერთო.

ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კანადის სხვადასხვა სკოლის მე-8-მე-12 კლასების მოსწავლეები და მათი მასწავლებლები დაესწრნენ.

ოტავას „გლების“ კოლეჯში საქართველოს საელჩომ მოაწყო ქართული ენის კუთხე, სადაც კანადელ მოსწავლეებს და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ენასა და ანბანს, ასევე, ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან  დაკავშირებულ ინფორმაციას. მათ საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ და საელჩოს წარმომადგენლებმა ნატალია კორძაიამ და ქეთევან ფრეიზერმა უმასპინძლეს.

ქართულ კუთხეში მოწაფეებისთვის გაიმართა მინი-კონკურსი, მათ ასევე საშუალება ჰქონდათ ქართულის შესატყვისი ლათინური ასოების ცხრილის მეშვეობით, დაფაზე ქართულად დაეწერათ თავიანთი სახელები. 

ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს საელჩომ გადასცა სპეციალური პრიზები - საქართველოს ამსახველი ფოტოალბომები, ტრადიციული ხევსურული ქუდები, ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები, ჩურჩხელები, ბუკლეტები და კომპაქტური დისკები ქართული ენის შესახებ.