საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) კონფერენციას დაესწრო

კანადაში საქართველოს ელჩი, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კონსტანტინე ქავთარაძემ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ლევან კარანაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საჰაერო ნავიგაციის მე-13 კონფერენციაში, რომელიც ქ. მონრეალში გაიმართა.  კონფერენციაზე განხილვის ერთ- ერთი თემა იყო საავიაციო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. როგორც უკვე გაცნობეთ, მიმდინარე წლის 13-20 მარტს, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) შემფასებელმა მისიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროს მორიგი აუდიტი ჩაატარა.
შემოწმდა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ხუთი ძირითადი კომპონენტი: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო ნაოსნობის მომსახურებაზე ზედამხედველობა (ANS), აეროპორტებისა და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობა (AGA), საავიაციო კანონმდებლობა (LEG), სამოქალაქო ავიაციის საორგანიზაციო სტრუქტურა (ORG) და საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა (AIG).
შემოწმებამ ძალზე წარმატებულად ჩაიარა და წინასწარმა შედეგებმა ყველაზე მაღალ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
ახლახანს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო ICAO-ს საბოლოო ანგარიში, რომლის მონაცემები მარტში დაფიქსირებულ წინასწარ მაღალ შედეგებსაც კი აღემატება.
შემოწმების შედეგები ასე გამოიყურება: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ჰაერსანაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 95.51% შეადგინა. სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ია. საავიაციო
კანონმდებლობის ნაწილში ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია 95.24% გახდა, ორგანიზაციული ნაწილი კი, 91.67%-მდე გაიზარდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მსგავსად, მაღალი შედეგები აჩვენა სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურომ. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 91.09%-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ მხრივ 55.54%-ს შეადგენს.
აუდიტის დასკვნით, ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების სტანდარტების შკალაში, საქართველოს საერთო საშუალო მაჩვენებელი 2016 წელს მიღწეული 64.76%-დან 87.64%-მდე გაუმჯობესდა, რაც პირველი შემთხვევაა ჩვენი ავიაციის ისტორიაში და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში.
ახალი მაჩვენებლებით, ICAO-ს წევრი სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში
საქართველომ 106-დან 30-ე ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენი ქვეყანა ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა.​