საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში საქართველოს დღე აღინიშნა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის აღსანიშნავად, კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში ჩატარდა ღია კარის დღე, რომლის ფარგლებშიც საქართველოსადმი მიძღვნილი კუთხე მოეწყო. ამასთან დაკავშირებით, კოლეჯს საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ეწვია. სხვადასხვა ეროვნების სამხედროებთან ერთად, კოლეჯში სამხედრო სწავლების კურსს გადის საქართველოს გენერალური შტაბის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლაღიაშვილი. ქართველმა კურსანტმა, ელჩთან და ტორონტოში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ერთად, კოლეჯის უამრავ სტუმარს უმასპინძლა. ქართული კუთხე ტრადიციული ხელნაკეთი ნივთებით იყო გაფორმებული, გამოიფინა ქართული სასმისები, სვანური ქუდები, ქართული დროშები, საქართველოს ამსახველი ბანერები, ფოტოები, დამსწრეებს დაურიგდათ ალბომები საქართველოს შესახებ. ტორონტოელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო. საქართველოს ელჩი შეხვდა და ესაუბრა კოლეჯის რექტორს, კანადის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალს, ბრაიან მაკფერსონს, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ქართველი კურსანტის თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონეს. კონსტანტინე ქავთარაძე ასევე შეხვდა მეორე მსოფლიო ომის კანადელ ვეტერანებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ასევე გაიმართა საუბარი ტორონტოში პოლონეთის გენერალურ კონსულთან და პოლონური წარმოშობის კანადელ პარლამენტარებთან. სხვა ქვეყნების კუთხეებს შორის, ქართული კუთხე მართლაც გამორჩეული იყო, ამიტომაც ყველაზე მეტი დამთვალიერებელი სწორედ მას ეწვია. სამხედრო კოლეჯის პედაგოგები, კურსანტები და მოწვეული სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ  ბევრი რამ შეიტყვეს საქართველოს შესახებ.