საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო კანადაში თავისუფლების მემორიალს ააშენებს

8 ნოემბერს საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიაში, რომელსაც კანადის მემკვიდრეობისა და კულტურული მრავალფეროვნების მინისტრი პაბლო როდრიგესი და მემორიალის პროექტის მონაწილე ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ.  

მემორიალის მშენებლობის პროექტში საქართველოს ჩართვის შესახებ შეთანხმებას კონსტანტინე ქავთარაძემ და მემორიალის პროექტის ავტორმა, კანადის პოლონური დიასპორის ერთ-ერთმა ლიდერმა, კანადური ორგანიზაციის “Tribute to Liberty” თავმჯდომარემ, დედოფლის საიუბილეო მედლის კავალერმა, ლუდვიკ კლიმკოვსკიმ გასულ წელს მიაღწიეს.

გასულ წელსვე საქართველოს მთავრობამ, მემორიალის თანადაფინასების მიზნით, სპეციალურ კანადურ ფონდში 25 000 კანადური დოლარის ექვივალენტი აშშ დოლარი გადარიცხა. ამით საქართველო მიუერთდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს - უნგრეთს, პოლონეთს, ჩეხეთს და ლატვიას, რომლებიც მემორიალის მშენებლობის პროექტში რამდენიმე წლის წინ ჩაერთვნენ.

ტორონტოს მუნიციპალიტეტის დადგენილებით, იმ ქვეყნებსა და ინდივიდებს, რომლებიც მინიმუმ 25 000 კანადური დოლარის ოდენობის თანხას გაიღებენ ოტავას ტერიტორიაზე  ძეგლების ან მემორიალების ასაგებად, ოტავას დონორის სტატუსი ენიჭებათ.

კანადის 8 მილიონი მოქალაქე, ანუ ყოველი მეოთხე კანადელი, თავს მიიჩნევს საბჭოთა კავშირსა და  აღმოსავლეთ ევროპაში გასულ საუკუნეში არსებული კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლად ან ამ მსხვერპლთა შთამომავლად. ეს არიან ადამიანები, რომლებიც რეპრესიებს გაექცნენ პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, იუგოსლავიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან.

დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პატრიოტის, ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი კოტე აფხაზის შვილი ნიკოლოზ აფხაზიც, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და საბოლოოდ, კანადისთვის შეეფარებინა თავი.

ამ ადამიანებისა და ქვეყნებისადმი პატივის მიგების მიზნით, რამდენიმე წლის წინ  ლუდვიკ კლიმკოვსკიმ, კანადის ფედერალური მთავრობასთან, კერძოდ, კანადის მემკვიდრეობის დეპარტამენტთან ერთად, დაიწყო მუშაობა კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის პროექტზე, რომელიც,  საბოლოოდ, კანადის მთავრობამ დაამტკიცა.  

მემორიალი ოტავას ცენტრალურ უბანში, პარლამენტის შენობასთან ახლოს, კანადის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და არქივის შენობის წინ, პროვინციებისა და ტერიტორიების ბაღში აიგება. მემორიალის სიგრძე 21 მეტრი იქნება, სიმაღლე 4 მეტრი. მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

მემორიალში ჩამონტაჟდება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელშიც ჩაიტვირთება  ინფორმაცია 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენების, მათი გასაბჭოების, რეპრესიების, თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ. მასში აისახება საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მოვლენებიც, მაგალითად: 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ჩახშობა, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად დაწყებული მასობრივი გამოსვლები, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა, 2008 წლის რუსული აგრესია და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. ამ მოწყობილობის მეშვეობით საქართველოს შესახებ ინფორმაციის წაკითხვა მემორიალთან მისულ დამთვალიერებლებს მობილური ტელეფონებითაც შეეძლებათ.

იმ პირობებში, როდესაც კანადის ფართო საზოგადოება საქართველოს ნაკლებად იცნობს, ამგვარ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის იმ კანადელთა რიცხვს, რომლებიც საქართველოსა და მისი ისტორიის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ის ფაქტი კი, რომ საქართველო კანადის დედაქალაქის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის დონორი გახდება, აამაღლებს საქართველოს პრესტიჟს ოტავას მაცხოვრებლებს შორის.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პროექტში საქართველოს ჩართვა პოზიტიური პოლიტიკური გზავნილიც არის. ეს კანადელებს აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, ამ ქვეყნებთან მას მსგავსი გეოგრაფიული არეალი და ისტორია აერთიანებს.  

ამ პროექტის ავტორთან, კანადელი პოლონელების ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან თანამშრომლობა კი გაზრდის მრავალრიცხოვანი პოლონური დიასპორის დაინტერესებას საქართველოთი.

შესაბამისად, პროექტში მონაწილეობით, საქართველოს შეუძლია საკმაოდ დიდი სარგებელი მიიღოს როგორც კანადაში იმიჯის განმტკიცების, ასევე, პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების თვალსაზრისით.