საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) შტაბ-ბინაში საქართველოსადმი მიძღვნილი პირველი ღონისძიება გაიმართა

9 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა კანადაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO), კონსტანტინე ქავთარაძემ ICAO-ს მონრეალის შტაბ-ბინაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენასა და მიღებას უმასპინძლა. საქართველოსადმი მიძღვნილი ამგვარი ღონისძიება ICAO-ში პირველად გაიმართა.

ღონისძიებას ICAO- საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ, ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტები, ICAO- ბიუროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ICAO-ში  სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები დაესწრნენ. 

თავის მისასალმებელ სიტყვაში კონსტანტინე ქავთარაძემ ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, 1918 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებასა და დამოუკიდებლობის პირველ წლებზე, ქართველ ავიატორებზე, რომლებმაც 1918-21 წლებში საფუძველი ჩაუყარეს ქართულ სამხედრო ავიაციას. მან გაიხსენა ქართველი ავიაკონსტრუქტორები ალექსანდრე ქართველი, რომელიც ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება და მაიკლ გრეგორი (მიხეილ გრიგორაშვილი), რომელიც 1930-ანი წლების ბოლოს მოღვაწეობდა კანადაში, მონრეალში და რომელმაც იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სამხედრო თვითმფრინავი FDB-1 დააპროექტა. 

კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ 1990-ანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასთან ერთად ეროვნული სამოქალაქო ავიაციის განვითარებაც დაიწყო.  1994 წელს საქართველო ICAO-ს წევრი გახდა და მას შემდეგ ამ ორგანიზაციის პრინციპებისა და  ფასეულობების ერთგულია. საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ ICAO-სთან, რათა უზრუნველყონ ფრენების უსაფრთხოების სისტემის გრძელვადიანი მდგრადობა და უკვე მიღწეული მაღალი სტანდარტებისა და საჰაერო მომსახურების ხარისხის შემდგომი ზრდა. 

კონსტანტინე ქავთარაძემ მიმოიხილა ამ კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები, რაც მოიცავს როგორც  საავიაციო ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ახლის მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას, ასევე, აეროპორტების, საფრენი აპარატების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნას. 

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ყალიბდება ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად, მათ შორის, საჰაერო გადაზიდვებისა და მომსახურების სფეროში. 2018 წლის მხოლოდ 8 თვის მონაცემებით საქართველოს უკვე 5.9 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 12%-ანი ზრდაა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ამავე დროს, 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, 4 მილიონამდე  მგზავრმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის შესაბამის მონაცემებს,  შესრულებული რეისების რაოდენობამ  16%-ით იმატა, ხოლო საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაფრენების რიცხვმა 8%-ით. სულ უფრო მეტი უცხოური ავიაკომპანია შედის საქართველოს საავიაციო ბაზარზე, მათ იზიდავთ ლიბერალური, გამარტივებული რეგულაციები და არაკორუმპირებული გარემო. მომავალ წლებში ვიზიტორების, ტურისტების და შესაბამისად, მგზავრთა რაოდენობა კვლავაც გაიზრდება. ამ პირობებში  გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ეფექტიანი სისტემის შექმნა. კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია. ბევრი პარამეტრით საქართველო ლიდერია არა მარტო რეგიონში, არამედ, მსოფლიოში

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ICAO- საბჭოს პრეზიდენტს ოლუმუივა ბენარდ ალიუს, გენერალურ მდივანს  ფანგ ლიუს და ორგანიზაციის ყველა იმ სტრუქტურას, რომლებმაც მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეფორმების რთულ გზაზე.

ამასთან დაკავშირებით, კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ICAO-ს შემფასებელმა მისიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროს მორიგი აუდიტი ჩაატარა. შემოწმდა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ხუთი ძირითადი კომპონენტი:  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო ნაოსნობის მომსახურებაზე ზედამხედველობა (ANS), აეროპორტებისა და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობა (AGA), საავიაციო კანონმდებლობა (LEG), სამოქალაქო ავიაციის საორგანიზაციო სტრუქტურა (ORG) და საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა (AIG).

ახლახანს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო ICAO-ს საბოლოო ანგარიში, რომლის მონაცემები ასე გამოიყურება: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ჰაერსანაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 95.51% შეადგინა. სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ია. საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში ICAO- სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია 95.24% გახდა, ორგანიზაციული ნაწილი კი, 91.67%-მდე გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მსგავსად, მაღალი შედეგები აჩვენა სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურომ. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 91.09%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ მხრივ 55.54%-ს შეადგენს.

აუდიტის დასკვნით, ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების სტანდარტების შკალაში, საქართველოს საერთო საშუალო მაჩვენებელი 2016 წელს მიღწეული 64.76%-დან 87.64%-მდე გაუმჯობესდა, რაც პირველი შემთხვევაა ჩვენი ავიაციის ისტორიაში და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში. ახალი მაჩვენებლებით, ICAO-ს წევრი სახელმწიფოების მსოფლიო რეიტინგში საქართველომ 106-დან 30-ე ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენი ქვეყანა ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა.

ამასთან ერთად, საქართველოს ელჩმა ისაუბრა ICAO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ ჩიკაგოს კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების განუხრელი შესრულების აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის საჰაერო სივრცე დაკეტილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის მხრიდან კვლავ ხორციელდება სამოქალაქო დანიშნულების ფრენები აფხაზეთში. გარდა იმისა, რომ ეს ქმედებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ის დიდ საფრთხეს წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხითაც, რამეთუ, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ვერ ახორციელებენ ფრენებზე ზედამხედველობის ფუნქციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მან მოუწოდა ICAO-ს წევრ სახელმწიფოებს პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაუშვან ფრენები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. 

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საზეიმოდ გახსნა პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, მოესმინათ ქართული მუსიკისთვის და გაცნობოდნენ საქართველოს ამსახველ ვიდეო-რგოლებს.

საზეიმო მიღების დროს ICAO- საბჭოს პრეზიდენტმა თბილად გაიხსენა თავისი გასული წლის ვიზიტი თბილისში და ღრმა კმაყოფილება გამოხატა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველომ მიაღწია საავიაციო უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის თვალსაზრისით. მან საქართველოს სამაგალითო ქვეყანა უწოდა. ოლუმუივა ბენარდ ალიუმ დაადასტურა ICAO- მზადყოფნა აქტიურად შეუწყოს ხელი  საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან, ასევე, ევროპულ რეგიონულ ბიუროსთან. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერებისკენ. 

ღონისძიების სტუმრები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათ ბევრი რამ ახალი შეიტყვეს საქართველოს, მისი ისტორიის, ქვეყნის ტრანსფორმაციის, ავიაციის სფეროს განვითარების, ასევე, მეღვინეობის უძველესი ტრადიციებისა და ქართული კულტურის შესახებ.