საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრო

კანადის პარლამენტის სპიკერის მოწვევით, საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ნოვა სკოშიას პროვინციის დედაქალაქ ჰალიფაქსში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 64-ე სესიას დაესწრო. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, პარლამენტარი გიორგი კანდელაკი, საქართველოს ელჩი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე, პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციის აქტიური ჩართულობის შედეგად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, სხვა მნიშვნელოვან რეზოლუციებთან ერთად, მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საუბარია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.  რეზოლუციაში, რომელიც ნატოს მიერ რუსეთის შეკავების აუცილებლობას ეხება (Resolution on Reinforcing NATO's Deterrence in the East), ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამავე რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავ ზღვასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დისკუსიაში და მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წვლილს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში. იგი მოუწოდებს ნატოს წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ნატოს აქტიური ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში და გააღრმავონ დიალოგი საქართველოსთან ამ მიმართულებით. მეორე რეზოლუციაში, რომელიც რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ შეტევებზე ნატოს საპასუხო ქმედებებს ეხება (Resolution on Updating the Responses to Russia's Hybrid Tactics), ასამბლეა აღნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ შეტევებს საქართველოს წინააღმდეგ, რათა  დააბრკოლოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და მოახდინოს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაცია. ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ ქვეყნებს გააღრმავონ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ამ მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის ასპირანტ ქვეყნებთან.