საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადის პარლამენტში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა

4 დეკემბერს, კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მოწვევით,  საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე სიტყვით გამოვიდა  კომიტეტის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივ თანამშრომლობას მიეძღვნა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის, სამოქალაქო პირების გატაცების, წამებისა და მკვლელობის ფაქტებზე, ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“,  რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უფლებების მძიმე დარღვევებში მხილებული და ბრალდებული პირების მიმართ სანქციების გატარებას სთხოვს. ელჩმა სთხოვა კანადელ პარლამენტარებს ამ რეზოლუციის მოთხოვნების მხარდაჭერა და სიაში შეტანილი პირების მიმართ სანქციების დაწესება. კონსტანტინე ქავთარაძემ ასევე ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და თავადაცვის სფეროში საქართველო-კანადის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. კანადელმა პარლამენტარებმა, რომელთა შორის როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლები იყვნენ,  დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღუთქვეს ელჩს პარლამენტის უფრო აქტიური ჩართულობა საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში. კანადის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული ამგვარი მოსმენა პირველად გაიმართა.