საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა გამართა სპეციალური სხდომა, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს მიეძღვნა და რომელზეც მთავარ მომხსენებლებად ამ ქვეყნების ელჩები იყვნენ მიწვეული. სხდომას, პარლამენტარების გარდა, კვლევითი ცენტრების ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კანადის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით ამგვარი მოსმენა პირველად გაიმართა. კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, 1990-ანი წლების დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, რუსეთთან დღევანდელი ურთიერთობების დინამიკაზე, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატზე, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე და ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, აქტიურ ჩართულობაზე ნატო-ს ავღანეთის მისიებში და იმ მსხვერპლზე, რომელიც საქართველომ გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის მიერ წარმოებულ „ბორდერიზაციის“ პროცესსა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკაზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის, მოქალაქეთა გატაცების, წამებისა და მკვლელობის ფაქტებზე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“. ელჩმა კანადელ პარლამენტარებს სთხოვა ამ რეზოლუციის მოთხოვნების მხარდაჭერა და სიაში შეტანილი პირების მიმართ სანქციების დაწესება.

თავიანთ გამოსვლებში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სტეფან ფიურმა, კანადელმა პარლამენტარებმა როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიებიდან,  დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და გამოთქვეს მზადყოფნა უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში. მათ ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე. 

 

კომიტეტის წევრმა, მმართველი ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა, სვენ სპენგამანმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. მან გაიხსენა 2004-2007 წლები, როდესაც ერაყში გაეროს მისიაში მუშაობდა და აღნიშნა, რომ მისიას მაშინ სწორედ ქართველი სამხედროები იცავდნენ. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს და განაცხადა, რომ რუსეთის გაზრდილი აგრესიის ფონზე საჭიროა საქართველოსა და უკრაინის უფრო მტკიცე მხარდაჭერა.

 

ამ მოსმენის შემდეგ, თავდაცვის კომიტეტმა ასევე პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინასთან ერთად, საქართველოსაც ეხება. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომი, 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია, მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტში და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან მისი სამხედრო მოქმედებები შეშფოთებას იწვევს რუსეთის ზრახვების თაობაზე არა მხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

თავდაცვის კომიტეტმა თავის რეზოლუციაში პირველად მოუწოდა კანადის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას:

-         შეიმუშაოს უფრო მკაფიო მიდგომა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ და აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რადგან სამივე ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას;

-         ხელი შეუწყოს და წაახალისოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან;

-         გაავრცელოს კანადის პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოეთის კორუმპირებული მთავრობების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის“ კანონით (ე.წ. მაგნიტსკის აქტით) დაწესებული სანქციები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში ბრალდებულ პირთა მიმართ;

-         დაიწყოს საქართველოსთან და მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში შეთანხების გაფორმებაზე მუშაობა;

-         რუსეთის მიერ ვითარების ესკალაციის საპასუხოდ, ლობირება გაუწიოს შავი ზღვის რეგიონში ნატოს ჩართულობის გაზრდას;

-         მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატოში ინტეგრაციას;

-         მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში, განსაკუთრებით, სამთავრობო სტრუქტურებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერ-თავდასხმებთან და მედიის მეშვეობით უცხოური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაში.

ეს რეზოლუცია საქართველოსადმი კანადის პარლამენტის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და შავ ზღვაზე კანადის გააქტიურებისკენ მოწოდებასთან ერთად, რეზოლუციაში საუბარია კანადის „მაგნიტსკის აქტის“ იმ პირებზე გავრცელებაზე, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებში.

საელჩო აგრძელებს მუშაობას როგორც კანადის მთავრობასთან, ასევე პარლამენტთან, თავდაცვის კომიტეტის რეზოლუციაში ასახული საკითხების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით.