საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი სამთო-მომპოვებელი სფეროს სამიტსა და საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

 

საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ტორონტოში მიმდინარე სამთო-მომპოვებელი სფეროს სამიტსა და საერთაშორისო გამოფენაში (PDAC) იღებს მონაწილეობას. PDAC მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა- გაყიდვაა. ის ყოველწლიურად თავს უყრის სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების უწყებების ხელმძღვანელებს და სამთო-სამადნო მოპოვების სფეროში მოქმედ წამყვან კომპანიებს. ამ შეკრებაზე ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლები და კერძო კომპანიების მფლობელები სამთო მოპოვების სტრატეგიაზე მსჯელობენ, მათ ქვეყნებში არსებულ საინვესტიციო გარემოს აცნობენ ერთმანეთს, ცდილობენ მოიზიდონ კომპანიები თავიანთ ბაზარზე. საქართველო პირველად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. დელეგაციაში შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი და მისი მოადგილე გვანცა ბიწაძე. სააგენტოს ხელმძღვანელები და ელჩი უკვე დაესწრნენ გამოფენის ფარგლებში გამართულ სემინარს, რომელიც Tethyan belt-ის სახელით ცნობილ ევროპა-აზიის გეოლოგიურ სარტყელში წიაღისეულის მოპოვებას მიეძღვნა. საქართველო ერთ-ერთია ამ სარტყელის ქვეყნებს შორის. საქართველოს წიაღის სააგენტოს თავმჯდომარემ შეკრებილ კომპანიებს გააცნო საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, სამთო მოპოვების სფეროში არსებული რეგულაციები, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კომპანიებს შესთავაზა საქართველოში დაგეგმილ პროექტებში ჩართვა. სააგენტომ დამსწრეებს დაურიგა წიაღისეულის მოპოვების სფეროში საქართველოს პოტენციალის ამსახველი ბუკლეტები.