საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი კანადურ კომპანიებს შეხვდა

საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი შეხვდნენ ტორონტოსა და ვანკუვერში  ბაზირებულ კანადურ სამთო მომპოვებელ კომპანიებს "ალამოს გოლდ", "სენტერა გოლდ" და "ალტაირ", რომლებიც ტორონტოში მიმდინარე წიაღისეულის მოპოვების საერთაშორისო გამოფენაში (PDAC) იღებენ მონაწილეობას.
 
ელჩმა "ალამოს გოლდ"-ის პრეზიდენტს ჯონ მაკკლუსკის და ვიცე-პრეზიდენტს ენდრიუ კორმიერს, "ალტაირ"-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს ზიპ დანანის, "სენტერა გოლდ"-ის ვიცე- პრეზიდენტებს დენის კვონგსა და იუსეფ რეჰმანს გააცნო პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ტრადიციების, ენის, თანამედროვე განვითარების, დემოკრატიული ტრანსფორმაციის, საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური რეიტინგების, ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, ლიბერალური საგადასახადო სისტემის შესახებ. მან მოუწოდა კომპანიებს დაინტერესდნენ საქართველოს ბაზრით და ჩაერთონ იქ დაგეგმილ პროექტებში.
 
წიაღის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში სამთო მოპოვების სფეროში არსებულ რეგულაციებზე, ლიცენზირების წესებზე, პერსპექტიულ საბადოებზე,  სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მან კომპანიებს გადასცა წიაღისეულის მოპოვების სფეროში საქართველოს პოტენციალის ამსახველი ბუკლეტები.