საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი პოლონური დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

კანადის პოლონურმა დიასპორამ საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია 10 აპრილს ოტავაში ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც 1940 წელს კატინში დახვრეტილი პოლონელი და ქართველი ოფიცრების და 2010 წელს სმოლენსკის ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნას მიეძღვნა. კონსტანტინე ქავთარაძემ ყვავილებით შეამკო ლეხ კაჩინსკისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა, რომელიც ოტავას პოლონურ ეკლესიაშია განთავსებული. ელჩი ასევე დაესწრო კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას. პოლონური დიასპორის წარმომადგენლების თხოვნით, ელჩმა გაიხსენა პოლონეთში მისი ელჩობის დროს ლეხ კაჩინსკისთან პირადი და საქმიანი ურთიერთობების ამსახველი ისტორიები, პოლონეთის პრეზიდენტისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების ჩასვლა თბილისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უბრალო პოლონელების მიერ გამოჩენილი სოლიდარობა  საქართველოს მიმართ. ელჩმა ასევე ისაუბრა პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც 1920-40-ან წლებში პოლონეთის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იცავდნენ. ელჩმა დამსწრეებს 9 აპრილის ტრაგედია შეახსენა და აღნიშნა, რომ საბჭოთა ოკუპაციის პირობებშიც კი, თავისუფლებისთვის ბრძოლა საქართველოში არასდროს შეწყვეტილა.