საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში საქართველოს დღე აღინიშნა.

 

კანადის პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში - შეიარაღებული ძალების კოლეჯში ჩატარდა ტრადიციული ღია კარის დღე, რომლის ფარგლებშიც საქართველოსადმი მიძღვნილი კუთხე მოეწყო. კოლეჯის ხელმძღვანელობის მიწვევით, უკვე მეორე წელია გამართულ ღონისძიებებს საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ესწრება.  კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) ფარგლებში, სხვადასხვა ეროვნების სამხედროებთან ერთად, კოლეჯში სამხედრო სწავლების კურსს გადის საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ლევან უსენაშვილი. ქართველმა კურსანტმა, ელჩთან და ტორონტოში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ერთად, კოლეჯის სტუმრებს  უმასპინძლა. ქართული კუთხე ტრადიციული ხელნაკეთი ნივთებით იყო გაფორმებული, გამოიფინა ქართული სასმისები, ქართული დროშები, საქართველოს საპრომოციო ბანერები, ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ფოტოები, დამსწრეებს დაურიგდათ ბროშურები საქართველოს შესახებ. ტორონტოელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო. საქართველოს ელჩი შეხვდა და ესაუბრა კოლეჯის რექტორს, კანადის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალს, ბრაიან მაკფერსონს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს კუთხე კოლეჯში უკვე მეორე წელია ეწყობა და ის ყოველთვის მრავალფეროვანი და გამორჩეულია. სამხედრო კოლეჯის პედაგოგები, კურსანტები და მოწვეული სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ  ბევრი რამ ახალი შეიტყვეს საქართველოს, მისი ტრადიციების, ქართული ღვინის შესახებ. კოლეჯის უცხოელ კურსანტებს კოლეჯი ტრადიციისამებრ ადგილობრივ, კანადელ მეურვეებს ურჩევს.  აღსანიშნავია, რომ პირველად ქართველი კურსანტის მეურვე ტორონტოში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი გურამ სორდია გახდა. მასთან ერთად, ქართველ კურსანტს და საქართველოს საელჩოს ღონისძიების მოწყობაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ტორონტოში მცხოვრებმა ქართველებმა ვაჟა  და ეკატერინე ჯანგირაშვილებმა, გიორგი ესიტაშვილმა, ნათია ქავთარაძემ,  ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციის წევრებმა თამარ ცინცაძემ, თამარ გვაზავამ, მაია ფურცხვანიძემ, თეა თოდუამ, ლალი ტლაშაძემ, ქართველმა სპორტსმენმა თენგიზ ოქრუაშვილმა. ღონისძიებისთვის ქართული კერძები დაამზადა ტორონტოს ქართულმა რესტორანმა „მიმინო“, რომლის მფლობელი ცარო აფციაურია.