საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადაში პირველი ქართველი ჰოკეისტი ითამაშებს

2019 წლის 8 ნოემბერი ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოს ყინულის ჰოკეის ისტორიაში. ამ დღეს კანადის კვებეკის პროვინციის ქალაქ მანივაკის ჰოკეის კლუბში „Maniwaki Mustangs“ თავისი პირველი თამაში გამართა ყინულის ჰოკეიში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, 19 წლის თემურ ვედიაპინმა. თემური პირველი ქართველი ჰოკეისტია, რომელმაც კანადის ყინულის ჰოკეის ახალგაზრდული ლიგის გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. 8 ნოემბერს მანივაკის Gino-Odjick-ის არენაზე „Maniwaki Mustangs“ კვებეკის კიდევ ერთ ახალგაზრდულ გუნდს le Bécard de Senneterre-ს შეხვდა. მატჩის დაწყებამდე თემურ ვედიაპინი ოფიციალურად წარუდგინეს შეკრებილ გულშემატკივრებს. მის საპატივცემულოდ შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ქართველი ჰოკეისტის საგულშემატკივროდ ოტავადან მანივაკიში ჩავიდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ნინო ხარაძე, ნატალია კორძაია და ქეთი ფრეიზერი. მათთან ერთად მატჩს დაესწრო კანადელი მწვრთნელი პატრიკ ფრეიზერი, რომელიც ჯერ კიდევ 2006-2008 წლებში საქართველოში წვრთნიდა დამწყებ ქართველ ჰოკეისტებს, მათ შორის, თემურ ვედიაპინს. საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ქართველი ჰოკეისტის ეს წარმატება მიულოცა საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტს ილია დავიდოვს. 2017 წელს ელჩი თბილისში ეწვია ყინულის ჰოკეის ფედერაციას და მაღლი შეფასება მისცა ფედერაციის ხელმძღვანელების, სპორტსმენების, მწვრთნელების პროფესიონალიზმსა და ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოში სპორტის ამ სფეროს განვითარებისკენ. ჰოკეის ფედერაციას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ პირველად, ახალგაზრდა ქართველმა ჰოკეისტმა გზა გაიკვალა ყინულის ჰოკეის მექაში - კანადაში.