საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ვიზიტი სენ ჟენის თავდაცვის კოლეჯში

საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელს - კვებეკის პროვინციის ქალაქ სენ ჟენის სამეფო თავდაცვის კოლეჯს ეწვია. იგი ერთადერთი ელჩია, რომელიც კოლეჯში გამართულ საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე მიიწვიეს. ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯში მოსწავლე სხვადასხვა ქვეყნის კურსანტებმა, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ილია ჩანადირმა და ალექსი ბაძაღუამ, თავიანთი ქვეყნების პრეზენტაცია გამართეს. ქართველმა ოფიცრებმა  მოაწყვეს საქართველოს კუთხე, რომელიც ხალხური რეწვის ნიმუშებით და ქართული დროშებით იყო გაფორმებული. ისინი, კოლეჯის უმცროს ოფიცერთა კურსების მონაწილე ქართველ კადეტებთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ. ელჩის მიერ კოლეჯში ჩატანილმა საქართველოსადმი მიძღვნილმა ფოტოგამოფენამ, ბანერებმა, ტურისტულმა ბუკლეტებმა, ბროშურებმა ქართული ანბანისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ასევე, სხვადასხვა სახეობის ღვინომ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ქართული კუთხე. კოლეჯის წარმომადგენლები და სტუმრები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს სტენდი ყველასგან გამორჩეული იყო. ელჩთან საუბრისას, კანადის შეიარაღებული ძალების ენების სკოლის სენ ჟენის ფილიალის მეთაურმა შარლ ბოლდუკმა მაღალი შეფასება მისცა ქართველი კურსანტების დისციპლინასა და  აკადემიურ მოსწრებას. ღონისძიებას დაესწრნენ კვებეკში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.