საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!


შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, რომ მოხვდეთ საარჩევნო სიაში. საარჩევნო სიაში მოსახვედრად კი, საჭიროა, რომ იმყოფებოდეთ საკონსულო აღრიცხვაზე.


კანონმდებლობის თანახმად, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების ბოლო ვადად განსაზღვრულია 10 ოქტომბრის 18:00 საათი, შაბათი დღე. კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით, საელჩო ამ დღესაც იმუშავებს.


საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით:


  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით. ეს არის ყველაზე პრაქტიკული და მარტივი გზა, რადგან დისტანციურად, ელექტრონული განაცხადის გაკეთებით არის შესაძლებელი.
  • საელჩოში პირადი გამოცხადების გზით (საელჩოში ვიზიტი უნდა დაიგეგმოს ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge მეშვეობით);
  • საფოსტო გზავნილის მეშვეობით (განაცხადის ფორმის მოძიება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge). 

კანადაში მყოფმა მოქალაქეებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ უნდა გადაამოწმონ არიან, თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) გადაწყვეტილებით, კანადაში გაიხსნა საარჩევნო უბანი N 29, რომელიც განთავსდება ოტავაში, საქართველოს საელჩოს შენობაში.

რადგანაც კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დგებიან კანადაში საქართველოს საელჩოში, არჩევნებში ხმის მიცემა მათ შეუძლიათ მხოლოდ კანადაში საქართველოს საელჩოში განთავსებულ საარჩევნო უბანზე.

არჩევნები გაიმართება შაბათს, 31 ოქტომბერს, ოტავას დროით დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

არჩევნების დღეს ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ვადიანი/მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.  

ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანზე პირადად გამოცხადებით (არა დისტანციურად).

საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.

კოვიდპანდემიის გამო, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საელჩოში მოსვლისას მნიშვნელოვანია გათვალისწინოთ და დაიცვათ ჯანდაცვის უსაფრთხოების წესები, კერძოდ:

  • საარჩევნო უბანზე არ დაიშვებიან პირები პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე;
  •  აუცილებელია ამომრჩეველთა შორის უსაფრთხო - 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • ტემპერატურის შემოწმების გარეშე უბანზე არ დაიშვებიან კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები, გარდა ამომრჩევლისა;
  • შესასვლელთან განთავსებული იქნება ხელის სადეზინფექციო ხსნარი;
  • უზრუნველყოფილი იქნება ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით წმენდა დეზინფექცია 3 საათში ერთხელ და საჭიროების შესაბამისად;
  • ამომრჩევლებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტარი;
  • საარჩევნო ბიულეტენის მიღებისა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიაში ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ, ამომრჩეველი იმავე კალმისტრით ისარგებლებს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას. ხმის მიცემის შემდეგ, კალმისტარი უნდა განთავსდეს კალმისტრებისთვის განსაზღვრულ სპეციალურ კონტეინერში;   
  • სარეგისტრაციო მაგიდასთან არ დაიშვება 2 პირზე მეტი;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილნი იქნებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ინდივიდუალურ სადეზინფექციო და თერმოსკრინინგის საშუალებებს,  ასევე, საელჩოს შენობაში განთავსებული საარჩევნო უბნის რეგულარულ დეზინფექციას უზრუნველყოფს საქართველოს საელჩო კანადაში.

არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი იქნება საუბნო საარჩევნო კომისია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკო) აირჩევს და დაამტკიცებს. 

არჩევნებთან დაკავშირებულ განახლებულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ცსკოს, ჩვენი საელჩოს,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების, ასევე, ქართული მედიის საშუალებით.  

დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა, თუ დახმარების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის [email protected] და სატელეფონო ცხელი ხაზის + 1 (613) 608 4322, +1 613 421 0460 მეშვეობით.

გაუთვალისწინებელი და პრობლემური სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, კანადაში მყოფმა საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც დგახართ საკონსულო აღრიცხვაზე, გადაამოწმოთ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე. ხოლო ვინც არ დგახართ ან მოიხსენით საკონსულო აღრიცხვიდან დასურთ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება, აუცილებლად დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე.