საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

15 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო კანადის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის მინისტერიალში, რომელიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში თვითნებური დაკავების წინააღმდეგ  მიმართული დეკლარაციის (Declaration Against the Use of Arbitrary Detention in State-to State Relations) მიღებას მიეძღვნა. ამ დეკლარაციის ინიციატორი კანადა იყო. მინისტერიალს, რომელიც ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში ჩატარდა,  კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკ გარნომ უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მათ შორის იყვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.


დავით ზალკალიანმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებაა. ამ კონტექსტში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებაზე და ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმების მიერ ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უკანონო დაკავებებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის ეთნიკური ნიშნით, ასევე მიმდინარე ოკუპაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც მკაფიოდ დაადასტურა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ თავის 21 იანვრის გადაწყვეტილებით. დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტერიალზე მიღებული დეკლარაცია უცხო ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლის მიზნით მოქალაქეების უკანონო დაკავებების აღკვეთისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯი იქნება.  

 

https://fb.watch/3GA_IyCj7B/