საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 12 თებერვალს, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ ვანკუვერის სტენლის პარკში გამართა 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ოტავადან ვიდეო-ჩართვის  მეშვეობით საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრო.

 

11 წლის წინ, 12 თებერვალს, ოლიმპიადის გახსნის დღეს, უისტლერის ოლიმპიურ საციგაო ტრასაზე დაშვებისას ნოდარ ქუმარიტაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო. კანადელი ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

სწორედ ამ დღეს შეიკრიბნენ ვანკუვერში მცხოვრები ქართველები და საქართველოს მეგობარი კანადელები სტენლის პარკში, სადაც 2020 წლის ბოლოს, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული დიასპორული ორგანიზაციისა და კანადაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგა. ამ საკითხზე ვანკუვერის მერიასთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები მიდიოდა. საელჩომ და დიასპორულმა ორგანიზაციამ ერთობლივად გაიღეს მემორიალის დადგმისთვის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური გადასახადი.

 

ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკვერის სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

 

2021 წლის 12 თებერვალს მემორიალი საზეიმოდ გაიხსნა. შეკრებილებმა მემორიალური სკამი ყვავილებითა და საქართველოსა და კანადის დროშებით შეამკეს. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, დიასპორული ორგანიზაციის პრეზიდენტმა ბესო გოცაძემ, მმართველი საბჭოს წევრმა დავით სირაძემ, ასევე, ქალაქების უისტლერისა და პორტ მუდის მერებმა ჯეკ კრომპტონმა და რობერტ ვაგრამოვმა.

 

ვიდეო-ჩართვის დროს კონსტანტინე ქავთარაძემ დამსწრეებს წარუდგინა ვანკუვერში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის გიორგი იმნაძის პირველი პოეტური კრებული, რომლის გამოცემაც საელჩომ დააფინანსა.


 

https://fb.watch/3HUpQx_njp/