საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო,

                                      5 აპრილი 2021 . 

 

 

 

მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო,

 

პანდემიის პირობებში, პირველ რიგში, ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ.

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საგრანტო პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც, კონკურსის წესით, აფინანსებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა პროექტს. 

 

2021 წელს სამინისტრომ ორი საინტერესო საგრანტო პროგრამა შეიმუშავა. მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია მათ შესახებ:

 

  1. საგრანტო პროგრამა დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა უკვე მესამე წელია ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, მედია/საინფორმაციო მხარდაჭერა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ქართული წარმოების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ასევე, ჩვენს თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა. 

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა თანხა არაუმეტეს 30.000 ლარის ოდენობით. პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე[email protected]

 

 საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მრჩეველს ეკატერინი კუპატაძიდუს: ქალაქის ტელეფონი (+995 32) 2945000 (შიდა: 3108), მობილური ტელეფონი (+995) 551 080 060

 

  1. სამინისტრომ შეიმუშავა ახალი, საპილოტე საგრანტო პროგრამა უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა. ამ პროგრამის  ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების ფუნქციონირებისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. 

 

კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა თანხა არაუმეტეს 10.000 ლარის ოდენობით. ეს თანხა განკუთვნილია ანსამბლების მიერ ფორმების, ინსტრუმენტებისა და სხვა ინვენტარის შეძენისა და ტრანსპორტირებისთვის. 

 

პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე[email protected] 

 

 საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს ატაშეს თამარ ჩხაიძეს: ქალაქის ტელეფონი (+995 32) 2945000 (შიდა: 3106), მობილური ტელეფონი (+995) 577 768 768

 

სამინისტროს თხოვნით, დანართის სახით, გიგზავნით ზემოაღნიშნული საგრანტო პროგრამების აღწერილობას, საგრანტო განაცხადისა და პროექტის ხარჯთაღრიცხვის ფორმებს.

 

ამასთან ერთად, ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, სამინისტრო გეგმავს ვირტუალურ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება კონკურსი ქართული კალიგრაფია. კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად. მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 11 აპრილის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი, მხატვრული ესსე - „ჩემი ენა ქართული“, რომელიც გამოხატავს ქართული ენის მნიშვნელობას და კონკურსანტის დამოკიდებულებას მშობლიური ენის მიმართ. მონაწილეებმა შესრულებული ხელნაწერის სკანირებული ასლი უნდა გააგზავნონ სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. 

 

მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ორ კატეგორიაში: საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომი და საუკეთესო ესსე. ორივე კატეგორიაში კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად და გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული. კონკურსში მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული. ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები. 

 

ენის კონკურსის გარდა, სასურველია საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადდეს და ამავე ელექტრონულ მისამართზე გაიგზავნოს 15-20 წამიანი ვიდეო რგოლი, რომელშიც მოზარდები მოკლედ, საკუთარი ინტერპრეტაციით, მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ხაზგასმით, საქართველოს მიულოცავენ დედა ენის დღეს. 

 

ღონისძიებაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

 

დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც 14 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება, გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები. ამავე დღეს მოეწყობა ვირტუალური ექსკურსია იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, სადაც მოზარდები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის მემორიალურ ნივთებს, ყოფით და ეთნოგრაფიულ მასალას, . გოგებაშვილის ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველ გამოცემებს. 

 

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მრჩეველს ლელა შველიძეს: ქალაქის ტელეფონი (+995 32) 2945000 (შიდა: 3104), მობილური ტელეფონი (+995) 591 111 204

 

პატივისცემით,

 

 

 

 

კონსტანტინე ქავთარაძე

საქართველოს ელჩი კანადაში

 

დიასპორის ხელშეწყობა - განაცხადის ფორმა.pdf

დიასპორის ხელშეწყობა - პროგრამის აღწერილობა.pdf

დიასპორის ხელშეწყობა - ხარჯთაღრიცხვის დანართი.pdf

 

ანსამბლი - განაცხადის ფორმა.pdf

ანსამბლი - საგრანტო პროგრამის აღწერილობა.pdf

ანსამბლი - ხარჯთაღრიცხვის დანართი.pdf