საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება ვანკუვერში

კანადელი აქტივისტის, სპორტსმენის, ყოფილი მაშველის, ტერენს კოსიკარის ინიციატივით, 19 აგვისტოს, ვანკუვერში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ამ ღონისძიების მიზანი პოსტ-ტრავმატული სტრესის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე მაშველების, მეხანძრეების, პოლიციელების რეაბილიტაციისთვის სახსრების მოძიება იყო.  

ტერენს კოსიკარი პირველი იყო, ვინც 11 წლის წინ, ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნის დღეს, ნოდარ ქუმარიტაშვილის გადარჩენას ცდილობდა. ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ კოსიკარმა საფუძველი ჩაუყარა ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საერთაშორისო პროგრამას Camp My Way, რომელიც სწორედ პოსტ-ტრავმატული სტრესის შედეგების მკურნალობას ისახავს მიზნად. ამ პროგრამის ფარგლებში, ტერენს კოსიკარმა ბრიტანეთის კოლუმბიის მთებში მოაწყო  სარეაბილიტაციო-სპორტული ბანაკი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უტარდებათ ტრეინინგები, იმართება სპორტული შეჯიბრი, ხდება გამოცდილების გაზიარება.

19 აგვისტოს გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოლიტიკოსებთან, მაშველებთან ერთად, ვანკუვერში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ქართული დიასპორული ორგანიზაციის წევრებიც დაესწრნენ. ღონისძიების ორგანიზატორების თხოვნით, დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ბრიტანეთის კოლუმბიაში ქართული დიასპორული ორგანიზაციის პრეზიდენტმა ბესო გოცაძემ, საბჭოს  წევრებმა დავით სირაძემ და დავით გორელმა. მათ ისაუბრეს ერთობლივ პროექტებზე, რომელთა მიზანი კანადაში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის წარმოჩენა და საქართველოს პოპულარიზაციაა. შეხვედრაზე წაიკითხეს კანადაში საქართველოს ელჩის წერილი, რომელშიც ელჩმა მაღალი შეფასება მისცა ტერენს კოსიკარის ძალისხმევას მიმართულს სხვადასხვა ქვეყნის მაშველების რეაბილიტაციისკენ, მადლობა გადაუხადა მას ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი ერთგულებისა და ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობისთვის და მიულოცა გამოყენებითი ფსიქო-ფიზიოლოგიის დარგში დოქტორის ხარისხის მოპოვება. ამის შემდეგ გაიმართა რარიტეტული მოტოციკლებით გადარბენა, რომელშიც ვანკუვერელმა ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა.   

 

 

  

 

 

  

  

 

Joern Rohde Photography