საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ კანადაში მცხოვრებ ქართველ ქალებს 8 მარტი მიულოცა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კანადაში საქართველოს საელჩომ ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალებისთვის ქართული საღამო გამართა. ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოს ქართულ რესტორანში "არაგვი" უმასპინძლა საზეიმო მიღებას, რომელსაც ჩვენი თანამემამულეების გარდა, კანადური ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ელჩმა საზეიმოდ გახსნა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ფოტოგამოფენა "50 ქალი საქართველოდან", რომელიც XIX-XX საუკუნის გამოჩენილ მწერალ, მეცნიერ, ხელოვან, საზოგადო მოღვაწე ქართველ ქალებს ეძღვნება. კონსტანტინე ქავთარაძემ მოწვეული სტუმრებისთვის გამართა პრეზენტაცია საქართველოს ისტორიაში ქართველი ქალის როლის შესახებ.მან აღნიშნა, რომ ქართველი ქალები ტრადიციულად აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის საერო და სულიერ ცხოვრებაში. მედეას მითიური ფიგურა, შუშანიკი, წმინდა ნინო, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, XIX-XX საუკუნეში მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი, ქალი მწერლები და პოეტები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, საქრთველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. XX საუკუნის მეცნიერები, მწერლები, პოეტები, სპორტსმენები - თითოეული მათგანი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიო ისტორიის ნაწილია. საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე საუბრისას, კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ქალებს ეროვნული კრების წევრებად ირჩევდნენ მაშინ, როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ქალებს არჩევნებში არათუ მონაწილეობის, ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ.პრეზენტაციის შემდეგ ელჩმა უმასპინძლა მიღებას, რომლის დროსაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.