საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტორონტოს უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნეს.

კანადაში საქართველოს საელჩომ ტორონტოს უნივერსიტეტში გამართა "ქართული საღამო", რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. საღამოს ფარგლებში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მოწვეული სტუმრებისთვის, რომელთა შორის იყვნენ ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ერთობლივი ქართულ-კანადური არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეები, ჩაატარა ლექცია-პრეზენტაცია საქართველოს წარსულისა და თანამედროვეობის, ტრადიციების, ენისა და დამწერლობის, მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის, პირველი რესპუბლიკის დაარსებისა და დამოუკიდებლობის პერიოდის შესახებ. თავის გამოსვლაში ელჩმა აღნიშნა, რომ ტორონტოს უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ჩართული იყო არქეოლოგიური კვლევის საერთაშორისო პროექტში, რომლის მეშვეობითაც მეცნიერულად დამტკიცდა საქართველოში მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის არსებობა. ამასთან დაკავშირებით საელჩომ უნივერსიტეტში გამართა ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოში მეღვინეობის კულტურას და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს მიეძღვნა. ელჩთან ერთად დამსწრეებს მიმართა ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრის პროფესორმა სტეფან ბატიუკმა, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო გადაჭრილი გორის არქეოლოგიურ გათხრებში. საღამოს ფარგლებში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაციაც მოაწყო. ღონისძიებას ტორონტოში მცხოვრები ქართველებიც ესწრებოდნენ, ადგილობრივმა მუსიკალურმა ტრიომ "ზარი" დამსწრეებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.