ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 1 ივლისს კანადაში საზეიმოდ აღინიშნა კანადის კონფედერაციის ჩამოყალიბების 150 წლისთავი. 1867 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სამმა ბრიტანულმა კოლონიამ - კანადის პროვინციებმა (შემდგომში ონტარიო და კვებეკი), ნიუ ბრანზვიკმა და ნოვა სკოტიამ - ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას განკარგულების საფუძველზე, საფუძველი ჩაუყარა ერთიან დომინიონს, რომელსაც სახელად კანადა ეწოდა.

     საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კანადის 10 პროვინციასა და 3 ტერიტორიაზე გაიმართა. ყველაზე მასშტაბურად ეროვნული დღესასწაული დედაქალაქ ოტავაში აღნიშნეს. პარლამენტის წინ შეკრებილ ათასობით კანადელს პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო მიესალმა. ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადის ისტორია 150 წელზე მეტს ითვლის, კონფედერაციის შექმნამდე  დიდი ხნით ადრე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა აბორიგენი მოსახლეობა, საუკუნეების შემდეგ კი უკეთესი ცხოვრების საძიებლად ევროპიდან ჩამოვიდნენ პირველი ახალმოსახლეები. მომდევნო წლების განმავლობაში კანადა იზრდებოდა, სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. კანადელებმა ორივე მსოფლიო ომში იბრძოლეს, ქვეყნის შიგნით განავითარეს ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, შეინარჩუნეს ღირებულებები - თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინდივიდის თავისუფლება. ისტორიის ამ მომენტებმა შექმნეს დღევანდელი კანადა - მდიდარი, გულუხვი და ამაყი ქვეყანა. კანადა აბორიგენი ხალხის, ევროპელი პირველმოსახლეების, სხვადასხვა დროს კანადაში ჩამოსული იმიგრანტების ქვეყანაა. კანადის ისტორია სწორედ ამ განსხვავებულობის გარშემო გაერთიანებას ეფუძნება. კანადაში საუბრობენ ინგლისურად, ფრანგულად და კიდევ ასეულობით სხვა ენაზე, აქ ცხოვრობს უამრავი სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანი, ისინი განსხვავებული კულტურების წარმომადგენლები არიან და ეს მაინც ერთი ქვეყანაა. დღეს, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში, კანადელები ძლიერები არიან, არა განსხვავებების მიუხედავად, არამედ, სწორედ განსხვავებების გამო. ბევრისთვის კანადის 150 წლისთავი არ არის საზეიმო თარიღი, საუკუნეების განმავლობაში აბორიგენი მოსახლეობა - ინუიტები და მეტისები - განიცდიდა ჩაგვრას, შევიწროებას, კანადის საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ეს რეალობა და ბოდიში მოიხადოს წარსული შეცდომებისთვის, რათა გზა გაკვალოს მომავალი კანადისთვის, სადაც აბორიგენ მოსახლეობასა და დედოფლის ტახტს შორის თანასწორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება. შერიგებისკენ გადადგმული ეს ნაბიჯები ეხმიანება კანადურ ტრადიციას  - გჯეროდეს, რომ უკეთესის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია. ჩვენი მიზანია შევქმნათ პირობები, რათა ყველა კანადელს ჰქონდეს წარმატების რეალური შანსი.  კანადა გააგრძელებს გამოწვევებთან ბრძოლას, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი კლიმატის ცვლილებაა.  ამას ჩვენ გავაკეთებთ ისე, როგორც გვჩვევია - დაუღალავი შრომით, მიზანდასახულობითა და იმედით.

იმავე დღეს, საღამოს 9 საათზე, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დიპლომატიური კორპუსის საზეიმო მიღება, რომელსაც მინისტრმა  ქრისტია ფრილენდმა უმასპინძლა. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მან  სტუმრები  იუბილისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის სანახავად მიიწვია. მიღებას დაესწრო საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე.

 

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 6 7 9
10 12 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ