ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)

საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO)კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტთან  ოლუმუივა ბენარდ ალიუსთან და ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ფანგ ლიუსთან.

ელჩმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, მათ შორის, საავიაციო სფეროში, რაც მოიცავს როგორც  შესაბამისი ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ახლის მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას, ასევე, აეროპორტების, საფრენი აპარატების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნას. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ყალიბდება ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად, მათ შორის, საჰაერო გადაზიდვების და მომსახურების სფეროში. გასულ წელს საქართველოს 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რომელთაგან, 1 მილიონზე მეტი საჰაერო გზით ჩავიდა საქართველოში. წინასწარი გათვლებით, 2020 წლისთვის საქართველოში 8 მილიონი ვიზიტორი ჩავა, ეს ახალ შესაძლებლობებთან ერთად, გაზრდილ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს სააგენტოებს, რომლებიც საჰაერო გადაზიდვების და მომსახურების გამართულ ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. აღინიშნა, რომ სულ უფრო მეტი უცხოური ავიაკომპანია შედის საქართველოს საავიაციო ბაზარზე, მათ იზიდავთ ლიბერალური, გამარტივებული რეგულაციები და არაკორუმპირებული გარემო. ელჩმა მოიტანა ციფრები, რომლებიც საქართველოში მგზავრთა ნაკადისა და გადაზიდული კარგოს მოცულობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. ელჩმა მოუწოდა ICAO-ს ხელმძღვანელობას უფრო აქტიურად იმუშაოს რუსეთთან, რათა შეწყდეს რუსული თვითმფრინავების უკანონო ფრენები სოხუმის აეროპორტში. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არა მარტო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოების კუთხითაც, რამეთუ, საქართველოს შესაბამის უწყებებს არ აქვთ საშუალება განახორციელონ ამ ფრენების უსაფრთხოების კონტროლი. ელჩმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის მაისში ICAO-ს პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის მნიშვნელობას და გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია.   

ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ მიესალმა ICAO-ში წარმომადგენლად კონსტანტინე ქავთარაძის დანიშვნას და აღნიშნა, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. მან თბილად გაიხსენა თავისი ვიზიტი თბილისში 2017 წლის მაისში და ღრმა კმაყოფილება გამოხატა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველომ მიაღწია საავიაციო უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის თვალსაზრისით. მან მოლაპარაკებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელთან კონსტრუქციული და საქმიანი უწოდა. ოლუმუივა ბენარდ ალიუმ დაადასტურა ICAO-ს მზადყოფნა აქტიურად შეუწყოს ხელი  საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან, ასევე, ევროპულ რეგიონულ ბიუროსთან. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ICAO-ს საბჭოს წევრი არ არის, პრეზიდენტმა ელჩი პირადად მიიწვია საბჭოს სხდომებზე.

ICAO-ს გენერალურმა მდივანმა ფანგ ლიუმ მადლობა გადაუხადა ელჩს დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნა, რომ ბევრი რამ ახალი გაიგო საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ. მან განაცხადა, რომ მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ელჩთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ფანგ ლიუ მიესალმა ელჩის სურვილს, რომ საქმიანი კავშირები ჩამოყალიბდეს  წარმომადგენლობასა და ICAO-ს შტაბ-ბინის როგორც ფუნქციონალურ, ასევე, ტექნიკურ სამსახურებსა და ბიუროებს შორის. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში მიწვევისთვის და განაცხადა, რომ საინტერსო პრეზენტაციის შემდეგ, მასაც გაუჩნდა საქართველოში ჩასვლის სურვილი.

 

 

 

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ