ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო კანადაში თავისუფლების მემორიალს ააშენებს

საქართველო მონაწილეობას მიიღებს კანადის დედაქალაქ ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის მშენებლობაში.

ამის შესახებ შეთანხმებას კანადაში საქართველოს ელჩმა კოტე ქავთარაძემ და მემორიალის პროექტის ავტორმა, კანადელი პოლონელების კონგრესის ხელმძღვანელმა, კანადური ორგანიზაციის “Tribute to Liberty” თავმჯდომარემ, დედოფლის საიუბილეო მედლის კავალერმა, ლუდვიკ კლიმკოვსკიმ მიაღწიეს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მემორიალის თანადაფინასების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 000 კანადური დოლარის ექვივალენტი აშშ დოლარი გამოეყო. ეს თანხა კანადაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით უკვე გადაირიცხა მემორიალის ფონდში.

ამით საქართველო მიუერთდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ მემორიალის მშენებლობის თანადაფინანსების სურვილი გამოთქვეს და „Tribute to Liberty”-ის სპეციალურ ფონდში თანხები გადარიცხეს. მაგალითად, უნგრეთმა 115 000 კანადური დოლარი გაიღო, პოლონეთმა 100 000, ჩეხეთმა და ლატვიამ, თითოეულმა - 25 000, ლიტვამ 10 ათასი, თუმცა, ეხლა ამ თანხის 25 ათასამდე გაზრდას აპირებს.  საქმე იმაშია, რომ კანადის დედაქალაქის სპეციალური კომისიის დადგენილებით, ქალაქის მთავრობა სპეციალურ ბარელიეფებზე ამოკვეთს იმ დონორი ქვეყნებისა და ინდივიდების სახელებს, რომლებიც მინიმუმ 25 000 კანადური დოლარის ოდენობის თანხას გაიღებენ ოტავას ტერიტორიაზე  ძეგლების ან მემორიალების ასაგებად.

თუმცა ამ ქვეყნების პროექტში ჩართვის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კანადის 8 მილიონი მოქალაქე, ანუ ყოველი მეოთხე კანადელი, თავს მიიჩნევს საბჭოთა კავშირსა და  აღმოსავლეთ ევროპაში გასულ საუკუნეში არსებული კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლად ან ამ მსხვერპლთა შთამომავლად. ეს არიან ადამიანები, რომლებიც რეპრესიებს გაექცნენ პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, იუგოსლავიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან.

დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პატრიოტის, ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი კოტე აფხაზის შვილი ნიკოლოზ აფხაზიც, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და საბოლოოდ, კანადისთვის შეეფარებინა თავი.

ამ ადამიანებისა და ქვეყნებისადმი პატივის მიგების მიზნით, რამდენიმე წლის წინ  ლუდვიკ კლიმკოვსკიმ, კანადის ფედერალური მთავრობასთან, კერძოდ, კანადის მემკვიდრეობის დეპარტამენტთან ერთად, დაიწყო მუშაობა კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის პროექტზე. საბოლოოდ, პროექტი მთავრობამ დაამტკიცა და მისი ღირებულება 3.5 მილიონი კანადური დოლარით განისაზღვრა (ამჟამინდელი კურსით, 2 845 528 აშშ დოლარი), აქედან, კანადის მთავრობის დაფინანსება 2 მილიონ კანადურ დოლარს შეადგენს, 1.5 მილიონ კანადურ დოლარს კი ლუდვიკ კლიმკოვსის ორგანიზაცია „Tribute to Liberty” გაიღებს.

მემორიალის აგება იგეგმება ოტავას ცენტრალურ უბანში, პარლამენტის შენობასთან ახლოს, კანადის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და არქივის შენობის წინ, პროვინციებისა და ტერიტორიების ბაღში.

მემორიალის სიგრძე 21 მეტრი იქნება, სიმაღლე 4 მეტრი. მისი საძირკვლის ჩაყრა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება. მშენებლობის დასრულება, სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოს იგეგმება. მემორიალზე გამოსახული იქნება 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენები, მათი გასაბჭოება, რეპრესიები, თავისუფლებისთვის ბრძოლა.

პროექტში ჩართვის შედეგად, მემორიალზე ასევე დაიტანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღები, მაგალითად: 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ჩახშობა, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად დაწყებული მასობრივი გამოსვლები, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა, 2008 წლის რუსული აგრესია და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. მოვლენების ჩამონათვალს ქართული მხარე შეადგენს და პროექტის ორგანიზატორებს მიაწვდის. მემორიალში ჩამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით,  საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩაიტვირთება  დამთვალიერებლების მობილურ ტელეფონებშიც.

იმ პირობებში, როდესაც კანადის ფართო საზოგადოება საქართველოს ნაკლებად იცნობს, ამგვარ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის იმ კანადელთა რიცხვს, რომლებიც საქართველოსა და მისი ისტორიის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ის ფაქტი კი, რომ საქართველო კანადის დედაქალაქის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის დონორი გახდება, აამაღლებს საქართველოს პრესტიჟს ოტავას მაცხოვრებლებს შორის.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პროექტში საქართველოს ჩართვა პოზიტიური პოლიტიკური გზავნილიც არის. ეს კანადელებს აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, ამ ქვეყნებთან მას მსგავსი გეოგრაფიული არეალი და ისტორია აერთიანებს.  

ამ პროექტის ავტორთან, კანადელი პოლონელების ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან თანამშრომლობა კი გაზრდის მრავალრიცხოვანი პოლონური დიასპორის დაინტერესებას საქართველოთი.

შესაბამისად, მინიმალური შენატანით საქართველოს შეუძლია საკმაოდ დიდი სარგებელი მიიღოს როგორც კანადაში იმიჯის განმტკიცების, ასევე, პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების თვალსაზრისით.

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 6 7 9
10 12 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ