ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს

კანადის ქალაქ  ჰალიფაქსში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმი უკვე მეცხრედ ტარდება და მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს, ქვეყნების მეთაურებს, გავლენიან პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, მედიის წარმომადგენლებსა და დიპლომატებს  უყრის თავს. წელს ფორუმის საპატიო სტუმრები ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და კანადის თავდაცვის მინისტრი რაჯიტ საჯანი იყვნენ. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ.

ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელებზე დისკუსია ძირითადად მსოფლიოში შექმნილ უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს, აშშ-სა და ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს და ამ ფონზე გაეროსა და ნატოს გააქტიურების აუცილებლობას შეეხო. თავის გამოსვლაში კანადის თავდაცვის მინისტრმა რაჯიტ საჯანმა ხაზი გაუსვა გაეროს სამშვიდობო მისიებში კანადის კვლავ გააქტიურებას, ნატოს ოპერაციის ფარგლებში ლატვიაში კანადური კონტიგენტის განლაგებასა და უკრაინის არმიის გადამზადებაში კანადის ჩართულობას. მან ასევე აღნიშნა სამშვიდობო მისიებში ქალი სამხედროებისა და პოლიციელების რაოდენობის ზრდის აუცილებლობა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ე.წ. მუდმივ სტრუქტურიზებულ თანამშრომლობაზე (Permanent Structured Cooperation), რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო სამხედრო კავშირებს ითვალისწინებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ინიციატივა ნატოს შემავსებელია და არა მისი ალტერნატივა.  აღინიშნა, რომ აშშ-დან წამოსული განსხვავებული გზავნილების მიუხედავად, ამერიკა რჩება ნატოს ლიდერად, მის ყველაზე აქტიურ, ძლიერ და გავლენიან წევრად. საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცების საქმეში ნატოს მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავად, ჰალიფაქსის ფორუმის პრეზიდენტმა პეტერ ვან პრააგმა იენს სტოლტენბერგს ფორუმის სპეციალური ჯილდო გადასცა.

ფორუმის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესია, დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ კრემლის მიერ წარმოებული კიბერ და პროპაგანდისტული შეტევა და ამ გამოწვევებზე ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან უფრო აქტიური რეაგირების გზები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა, პოლონეთისა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა ანტონი მაციერევიჩმა და რაიმუნდას კარობლისმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა პეტრ პაველმა და რუსეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მიხეილ კასიანოვმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიულ პოლიტიკაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შეკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. დისკუსიის მონაწილე კანადის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს უკრაინისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას კანადაში, სადაც მილიონ სამას ათასადამდე უკრაინელი ცხოვრობს. განხილვებში მონაწილეობა მიიღო კანადაში საქართველოს ელჩმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინაზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ საქართველო, რამეთუ, ის რაც ამჟამად უკრაინაში ხდება - ყირიმის ანექსია,  დონბასში  მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი, 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით დიწყო. ელჩმა დამსწრეებს შეახსენა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკა, რუსეთი აგებს გამყოფ ბარიერებს და საოკუპაციო ზოლი ქვეყნის სიღრმეში გადმოაქვს. კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება საქართველოს დახმარებასაც ნიშნავს, თავის მხრივ, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. მან მოუწოდა შეკრებილ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას ახსენონ საქართველოც, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება რეგიონში მიმდინარე პროცესების ზუსტი შეფასება.

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ