საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა
2026 წლის 2 ივნისს, ქ. ოტავაში, კანადის ხელოვნების ეროვნულ ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ასევე კანადის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სალომე ქურასბედიანმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ჰუსენმა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანმა რობერტ ოლიფანტმა.
გამოსვლებში ხაზი გაესვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, თავისუფლებისადმი ურყევ ერთგულებასა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობას, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი შექმნა. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.
გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველო-კანადის პარტნიორობაზე, საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ასევე აღინიშნა საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი, ქართული ღვინის კულტურა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელოვანი როლი.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ორი შალვა“, რომელმაც საქართველოსა და კანადის ეროვნული ჰიმნები შეასრულა.



