Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვინიპეგში კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

მ/წლის 21 იანვარს საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ესტუმრა მანიტობას პროვინციის დედაქალაქ ვინიპეგს, სადაც კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საელჩოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი მესხელმა.

კანადასთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის გათვალისწინებით, სავაჭრო პალატის დაარსებაზე მუშაობა საელჩომ ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წელს დაიწყო ქართულ-კანადური მოლაპარაკებები ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაზე. პარალელურად, მიმდინარეობდა მუშაობა კანადურ კერძო სექტორთან საქართველოს ბაზრით მათი დაინტერესების მიზნით. საჭირო გახდა იმგვარი არასამთავრობო სტრუქტურის შექმნა, რომელიც საელჩოსთან ერთად იმუშავებდა კანადურ კომპანიებთან და მათთვის ინფორმაციის დამატებითი წყარო იქნებოდა.

ამ იდეის განხორციელება ითავა ბიზნესმენმა, კანადისა და საქართველოს მოქალაქემ, დოქტორმა დავით ირემაძემ, რომელიც ამჟამად პროვიდენსის უნივერსიტეტის ბულერის სახელობის ბიზნეს სკოლის დირექტორი და ამავე სკოლაში ბიზნესის ადმინისტრაციის ასოცირებული პროფესორია. მან 2021 წლის 27 ოქტომბერს ვინიპეგში დააფუძნა კანადურ-ქართული სავაჭრო პალატა.

სავაჭრო პალატის ინაუგურაცია გაიმართა ვინიპეგის ცენტრში მდებარე „მანიტობას კლუბის“ ისტორიულ შენობაში. ღონისძიებას დაესწრნენ პროვინციის მთავრობის, კერძო სექტორია და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

დამსწრეებს მიმართეს პალატის პრეზიდენტმა, დოქტორმა დავით ირემაძემ, პროვიდენსის უნივერსიტეტის კოლეჯისა და თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტმა დოქტორმა კენტონ ანდერსონმა და ქართულ-ამერიკულ-კანადური ტურისტული კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ადგილობრივმა ბიზნესმენმა მაქს ჯონსონმა. ელჩმა გამართა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, რომელშიც ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, ბიზნეს, საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე, ქართულ კვალზე კანადაში, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, ქართული მეღვინეობის ისტორიაზე.

კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისთვის პალატის პრეზიდენტმა დავით ირემაძემ ელჩს საპატიო ჯილდო გადასცა.